რა თქვა პრეზიდენტმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს შესახებ, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკის სამიზნე გახდა
16/03/2024 17:00:30 პოლიტიკა
„დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლომ არ დაუჭირა მხარი ბიჭვინთის აგარაკების „მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ“ "კანონის" გაუქმებას, როგორც ეს მოსკოვს სურდა.
„ქართული ოცნების“ რიგი წევრების შეფასებით, ზურაბიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მესამე შტო აღიარა.
„ჩვენს აფხაზეთში ვაღიარებთ მხოლოდ ჩვენი აფხაზი დებისა და ძმების ნება-სურვილს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ერთიანი საქართველოს ინტერესებშია. აღნიშნული [პრეზიდენტის ქმედება] ნაკარნახევია მხოლოდ იმ ძალით, რომელსაც აწყობს, რომ მოხდეს გარკვეული აღიარება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მარიონეტული რეჟიმისა და აფხაზეთის ოკუპაციის. სხვა შემთხვევაში ეს არის უმეცრება. დაუყოვნებლივ მოვუწოდებდი საქართველოს პრეზიდენტს, გადახედოს საკუთარ ამ პოზიციას და საზოგადოების წინაშე წარდგეს ღირსეულად. ვფიქრობ, ბოდიშიც უნდა მოიხადოს ამისთვის“, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა „ხალხის ძალიდან" გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის განცხადება ასე შეაფასა:
„როდესაც შენ, ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი, აღიარებ არაღიარებული დამოუკიდებელი სუბიექტის, ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსეთის მხრიდან აღიარებული დამოუკიდებელი სუბიექტის, აფხაზეთის რომელიმე საჯარო მოხელეს თუნდაც და მის ლეგიტიმაციას, ეს ნიშნავს, რომ შენ აღიარებ პრაქტიკულად აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ეს შეცდომით არ მგონია. სამწუხაროდ, ის უკვე ასრულებს უცხოური ძალების დაკვეთებს“.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა შემდეგი განმარტება გააკეთა:
"ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლოს მიერ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისათვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის არგაუქმების გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა".


