სტოლტენბერგი – ალიევს: „საჭიროა მეტი მხარდაჭერა, რადგან უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა"
18/03/2024 07:08:58 პოლიტიკა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამხრეთ კავკასიის ტურნე აზერბაიჯანში ვიზიტით დაიწყო. იგი 17 მარტს ბაქოში ჩავიდა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. აუდიენციის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
რა თქვა სტოლტენბერგმა
ალიანსის გენმდივანი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიესალმა "ქვეყნის გრძელვადიან თანამშრომლობას ალიანსთან" და განაცხადა, რომ "იგი მოუთმენლად ელის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას".
სტოლტენბერგის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.
„ენერგია მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მივესალმები, რომ აზერბაიჯანი ავითარებს უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს NATO-ს რამდენიმე მოკავშირესთან“, – განაცხადა მან.
სტოლტენბერგმა ასევე ორმხრივი ინტერესის საკითხებზე მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს NATO-ს ხელმძღვანელობით ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის კოსოვოში და ავღანეთში, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი 1994 წელს "NATO-ს პარტნიორობას მშვიდობისთვის" შეუერთდა.
სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე საუბარისას, გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აქ, არამედ უფრო ფართო გაგებით უსაფრთხოებისთვის“.
„სომხეთს და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას წლების განმავლობაში კონფლიქტის შემდეგ. მე უბრალოდ შემიძლია, მოგიწოდოთ, რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და მიაღწიოთ გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთთან", – მიმართა მან ალიევს.
უკრაინასთან დაკავშირებით საუბრისას, სტოლტენბერგი მიესალმა აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ მეტი ძალისხმევის გაწევაა საჭირო ამ მიმართულებით:
"მივესალმები იმ საჭირო მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანი უწევს უკრაინას. ასევე, როდესაც საქმე ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ძალიან საჭიროა, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა".
ალიანსის გენერალურმა მდივანმა აზერბაიჯანში დაგეგმილ კლიმატის გლობალურ სამიტს "მნიშვნელოვანი" უწოდა:
„ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისაც აწუხებს კლიმატის ცვლილების საკითხი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რადგან ეს საკითხები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“.
დღეს, 18 მარტს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და თავდაცვის მინისტრს გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდება. აღნიშნულის შემდეგ იგი საქართველოს ეწვევა. საქართველოდან კი იგი სომხეთში ჩავა.


