Accentnews.ge
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

18/03/2024 09:34:46 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

"ქართული ოცნების" განცხადებით, ცესკოს ფორმირების წესი, რასაც პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასა და გამოცდილებას არ შეესაბამება.

პრეზიდენტმა ვეტო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს დაადო, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდან არის დანიშნული. ამასთან, პროექტი ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებას ითვალისწინებს.

მათი არჩევის პრუცედურა 3-ეტაპიანი ხდება - კერძოდ, პირველ ეტაპზე, ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება. თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შესძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა.

რაც შეეხება ვეტოს, პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს. პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში შეზღუდულია.

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ “საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის 1 მაისამდე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი სწორედ პრეზიდენტმა გამოაცხადოს. გარდა ამისა, პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება იმ მოადგილემ განახორციელოს, რომელიც პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან დაინიშნება, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ე.წ. ოპოზიციონერმა მოადგილემ ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში განახორციელოს. უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს, რისთვისაც მას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც საჭიროა კანონპროექტის მისაღებად (76 ხმა). არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები სედიაზე მიმდინარე კვირას გავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S