მამუკა მდინარაძე: "ვგმობთ რუსეთის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას"
18/03/2024 17:44:30 პოლიტიკა
"საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ვუერთდებით და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "რუსეთის მსგავსი ქმედება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა".
„ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ვუერთდებით და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას. ეს ოკუპანტი მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში და შეურაცხმყოფელი დარღვევაა. თუ რაზე მიანიშნებს დარღვევის ეს ხარისხი, ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად იაზრებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნები გაიხსნა უკანონოდ:
„აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს“.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში უკანონოდ გაიხსნა.


