ირაკლი კობახიძე: "ვეტინგის" თემა დახურულია
19/03/2024 08:22:41 პოლიტიკა
"ვეტინგის" თემა დახურულია ჩვენთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "ასეთი რამ შეიძლება, ვენეციის კომისიის მიდგომის თანახმად, განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები".
„ე.წ. ვეტინგზე განცხადება გაკეთდა გუშინ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან. რა თქმა უნდა, ვეტინგის თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან - სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპებთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან. შეიძლება ასეთი რამ ვენეციის კომისიის მიდგომის თანახმად განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები. უკრაინის და მოლდოვის საქმე იყო მაგალითად იმის აღიარება, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები და ამას აქვს მყარი საფუძველიც, იმიტომ, რომ მართლა ძალიან სუსტია ინსტიტუტები როგორც უკრაინაში, ასევე მოლდოვაში, მაგრამ საქართველოში თქვენ იცით, რომ 2012 წლის შემდეგ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლოს მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით სასამართლოს მიმართულებით. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო ქართულ სასამართლოში 2012 წლამდე. ქართული სასამართლო გამოიყენებოდა როგორც რეპრესიული მანქანის ერთერთი მთავარი ინსტრუმენტი. ეს ვითარება შეიცვალა. ეს აისახა სასამართლო სტატისტიკაზე, ეს აისახა სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობის სტატისტიკაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე. აქედან გამომდინარე, ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოში არ არის შემდგარი სახელმწიფო ინსტიტუტები, პირიქით, თუ სადმე არის ძლიერი ინსტიტუტები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, ეს არის სწორედ საქართველო, მათ შორის, ეს ეხება სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: „ვეტინგი” მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებაა.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილია 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. 9–დან ერთ-ერთი პირობა სასამართლო რეფორმის დასრულებას ეხება.
ამასთან, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად შეესაბამებოდეს.
"კერძოდ, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად დანიშნულნი არიან მაღალ თანამდებობაზე სასამართლო სისტემაში, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სხვა სასამართლოებში. გარდა ამისა, საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციების განსახორციელებლად ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით", – ნათქვამია დოკუმენტში.
„ქართული ოცნება“ უარს აცხადებს, დანერგოს ე.წ. ვეტინგის სისტემა, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: "სასამართლოს გუშაგი" აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც მისი აზრით, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან.


