თინა ბოკუჩავა: დიდია ცდუნება ივანიშვილისთვის, რომ პუტინის მსგავსად მხოლოდ ფორმალურად ჩაატაროს არჩევნები, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატი საქართველო არ არის რუსეთი
19/03/2024 09:13:37 პოლიტიკა
"დიდია ცდუნება ივანიშვილისთვის, რომ პუტინის მსგავსად მხოლოდ ფორმალურად ჩაატაროს არჩევნები, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატი საქართველო არ არის რუსეთი", - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გზავნილებით ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ არჩევნები უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას".
"მოლოდინია, რომ ივანიშვილის პარტია კვლავ ძალმომრეობის პოლიტიკას აირჩევს ნაცვლად იმისა, რომ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები, დაძლევს ვეტოს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მას არ აინტერესებს ევროპული დღის წესრიგი და ქვეყნის წარმატებული ევროინტეგრაცია. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და შემდეგ კოალიციური მართლაც ევროპული ხელისუფლება. მერწმუნეთ, ძალიან მოკლე დროში შეასრულებს 9 დათქმას, გახსნის მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი. მაშინ როდესაც ივანიშვილს აღარ აქვს ხალხის ნდობა და ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ცდუნება ივანიშვილისთვის, რომ პუტინის მსგავსად მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად ჩაატაროს არჩევნები საქართველოში, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატი საქართველო არ არის რუსეთი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ გზავნილებით აფრთხილებენ ივანიშვილს, რომ არჩევნები უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას, რაც უდავოდ ცვლილებების მოტანაა ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა ბოკუჩავამ.


