ქეთევან თურაზაშვილი: სოციალური დახმარება ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა „ქართული ოცნების“ ხელში
19/03/2024 14:04:18 პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი აცხადებს, რომ სოციალური დახმარება ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა „ქართული ოცნების“ ხელში. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
თურაზაშვილმა მმართველ გუნდს მიმართა და საპენსიო სესხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა.
„წინა კვირის განმავლობაში ჩვენი გუნდის იურისტებთან ერთად ვიყავი ზუგდიდში, ფოთში, ლანჩხუთში და ბათუმში. „ლიბერთი ბანკს“ პენსიონერებთან ერთად მივმართე 400-მდე განცხადებით. არაერთი ადამიანი ცივი და ქარიანი ამინდის მიუხედავად, მადლობის სათქმელადაც იყო მოსული, რადგან ჩვენი რეკომენდაციებით, მათ დღეს ლიბერთის სესხი აღარ აქვთ. ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, საპენსიო სესხების მიმართულებით ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. 150 000 პენსიონერს ძველ აღებულ სესხებზე მარტიდან უნდა შეუმცირდეთ გადასახადი. რომ არა პარტია „მოქალაქეები“ და ჩვენი აქტიურობა, ყველა აქ მყოფმა ძალიან კარგად იცით, რომ ეს არ მოხდებოდა. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. 220 000 პენსიონერი გადასარჩენია, რადგან ამ ცვლილებამ ვერ მოაგვარა ავადსახსენებელი ოვერდრაფტის და პანდემიის დროს უსაშველოდ გახანგრძლივებული სესხები. [...] მოვითხოვ დაუყოვნებლივ შეიკრიბოს და დაიწყოს მუშაობა სამუშაო ჯგუფმა, რასაც ირაკლი კობახიძე აქ, ამ დარბაზში დაგვპირდა.
მეორე ამბავი და ვფიქრობ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სრულიად შეუფერებელი - სხვადასხვა ქალაქში გვეუბნებოდნენ, რომ უფრო მეტ პენსიონერს უნდოდა შეხვედრაზე მოსვლა, განცხადების დაწერა, მაგრამ ეშინოდათ. ზოგს შვილმა დაუშალა, რადგან სოციალური დახმარების მოხსნის შეეშინდა. ეს კარგად აჩვენებს, რომ სოციალური დახმარება ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა ,,ქართული ოცნების“ ხელში. ეს ყველაფერი მახსენებს ჩვენი ოკუპანტი მეზობლის ქვეყანაში არსებულ ვითარებას, სადაც ადამიანების დაშინება ჩვეულებრივი ამბავია“,- განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.


