პარლამენტმა საარჩევნო საკითხებზე დადებული ვეტო დაძლია
19/03/2024 14:32:30 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით დაძლია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო. საკითხი 19 მარტს განიხილებოდა პლენარულ სხდომაზე და დღესვე უყარეს კენჭი.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.
20 მარტს პარლამენტში მიღებული კანონმდებლობით იცვლება ცესკოს თავმჯდომარის, ე.წ. პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დანიშვნის წესი და უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების 5-წლიანი ვადით ასარჩევად აუცილებელია პარლამენტის 100 დეპუტატის (ორი/მესამედის) თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს, ტარდება განმეორებით კენჭისყრა - ამ შემთხვევაში 76 დეპუტატის (ნახევარზე მეტის) მხარდაჭერა საკმარისია კანდიდატის 6 თვით ასარჩევად.საპარლამენტო უმრავლესობის შემუშავებული კანონპროექტით, პირველივე კენჭისყრაზე კანდიდატების შესარჩევად საკმარისია 90 დეპუტატის (სრული შემადგენლობის სამი/მეხუთედის) მხარდაჭერა. თუ კანდიდატს ვერ აირჩევენ, ამ შემთხვევაში საკმარისი იქნება 76 დეპუტატის ხმა. მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, დეპუტატების ნახევარზე მეტი კანდიდატს არა 6 თვით, არამედ 5 წლით ირჩევს.პრეზიდენტს ამ საკითხზე ჰქონდა კომპრომისული შეთავაზება. კანდიდატების პირველივე კენჭისყრაზე ასარჩევად საჭირო ყოფილიყო 90 დეპუტატის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გახდებოდა აუცილებელი, 76 დეპუტატის მხარდაჭერით შესაძლებელი იქნებოდა კანდიდატის 6 თვით არჩევა.
მოქმედი კანონით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კომისიის მიერ შერჩეულ რამდენიმე კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს. კანონპროექტის მიხედვით, კონკურსის გამოცხადებისა და კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარის ხელში გადადის. პრეზიდენტი ითხოვდა, არ შეცვლილიყო მისი როლი ცესკოს წევრების არჩევის პროცესში.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობდა ამ მოადგილის უფლებამოსილებების შემდეგნაირად შემცირებას - მას თავმჯდომარის შეცვლა შესძლებოდა მხოლოდ თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში.პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.


