სააკაშვილი – გვარამია-მელიაზე: "იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს"
20/03/2024 06:03:31 პოლიტიკა
პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ყოფილი თანაგუნდელის ნიკა მელიასა და მისი ადვოკატის ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის დაფუძნების ფაქტს კლინიკა "ვივამედიდან" ეხმიანება.
"ნიკა გვარამია, ისევე როგორც ნიკა მელია ჩემი მეგობრები არიან. მე და ნიკა გვარამიას ბევრი სხვა საერთო თემა გვაქვს, პარტიების გარდა. ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა მან ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
ტელეარხის ჟურნალისტის კითხვაზე, "როგორ აისახება "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველზე ყოფილი თანაგუნდელების მიერ ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნა?", სააკაშვილმა შემდეგი განაცხადა:
"ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ნამდვილად იცის, თუ რომელ პარტიაში ვარ მე და სად არის იმ ფასეულობების ყველაზე ზუსტი გამოხატულება, რომელსაც უკვე თაობებმა მიუძღვნეს თავისი სიცოცხლე. ჩვენი მტერი არის ოლიგარქი, სიღარიბე, უპერსპექტივობა, ქვეყნის დაცარიელება".
პარტია "ახალი" ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ 11 მარტს წარუდგინეს საზოგადოებას. პარტია ოფიციალურად ჯერ რეგისტრირებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მას ორი თანათავმჯდომარე ეყოლება და ამ "პოსტს" საწყის ეტაპზე მელია და გვარამია დაიკავებენ.


