შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა
20/03/2024 07:47:39 პოლიტიკა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერმა ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მიხეილ შაყულაშვილი შეცვალა.


