„ოცნება" ენმ-ს და უკრაინას EURONEST-ში რეზოლუციის ინიცირების ჩაგდებაში ადანაშაულებს
20/03/2024 11:06:52 პოლიტიკა
„ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ EURONEST-ში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ინიცირება ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო ვერ მოხერხდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის პროექტი "ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით შემუშავდა.
„აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე განსახილველად წარდგენისათვის, პროცედურის თანახმად, ესაჭიროებოდა საპარლამენტო დელეგაციებიდან 10 დეპუტატის ხელმოწერა. ინიციატივას მხარი დაუჭირა მოლდოვას დელეგაციის სამმა დეპუტატმა, რომლებიც ბრიუსელში იმყოფებოდნენ. უკრაინის დელეგაციის მხრიდან გამოხატული თავდაპირველი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინელმა დეპუტატებმა უარი თქვეს რეზოლუციის თანასპონსორობაზე და პროექტის წარსადგენად ხელმოწერაზე. ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის გარდა იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის ოთხი წარმომადგენელი. მათ არაერთხელ ეთხოვათ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიციირების მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეზოლუციის პროექტის ინიციირებას ხელი არ მოაწერეს. შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს დელეგაციაში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატის და მოლდოვას დელეგაციის 3 დეპუტატის გამოხატული მხარდაჭერა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ "ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეას განეხილა და მიეღო რეზოლუცია, რომელიც საგანგებოდ მიეძღვნებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორებისათვის გვეჩვენებინა ევროკავშირში გაწევრების საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია, მიუხედავად ჩვენი ასეთი დაპირისპირების, რაც, როგორ ჩანს, ქართული რადიკალური ოპოზიციის მიზნებში არ ჯდება და ეს როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისი თქმით, განცხადებით ოპოზიციის წარმომადგენლები თავის იმართლებენ, რომ არ იცოდნენ, ვერ გაიგეს, რაღაც უნდოდათ ჩაეწერათ, თუ არ უნდოდათ ჩაეწერათ.
„თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მთლიანი ტექსტი, რაც თავიდან ბოლომდე არის დეკლარირება, თავმოყრა იმ ნარატივისა, რაც არის ყველაზე პროევროპული. იქ იყო საუბარი, ასევე, იმასთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ევროსტრუქტურებს თავის ოფიციალურ ე.წ. ვორდინგში შეეტანათ სიტყვა ოკუპაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და გამოხატავდა სამივე ქვეყნის გაწევრების შესახებ ურყევ ნებას და მხარდაჭერას. პარადოქსი მართლაც იმაში მდგომარეობს, რომ 4 ოპოზიციონერი იყო და ორი დეპუტატის ხელმოწერაც კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ეს რეზოლუცია დაინიცირებულიყო, რაც არ მოხდა მათი უარის გამო. მივმართავ მათ ყოველგვარი ნიშნის მოგების და ირონიის გარეშე, გვითხრან მაინც რას ავალებენ, ვინ ავალებს, რა პატრონები ჰყავთ ასეთი, რომ ვერ ბედავენ ფეხის გადადგმას, ერთი სიტყვის თქმას და ერთ ხელმოწერას ასეთ პროაქტიულ, ევროპულ რეზოლუციებზეც კი და მივეხმარებით იმაში, რომ თავი დაიხსნან მათი დავალებების მიღებისგან. წარმოიდგინეთ, ოთხი დეპუტატიდან ორმაც კი ვერ გაბედა იმ რეზოლუციაზე ხელმოწერა, რომელზეც ვერ იტყვიან ვერც ერთ სიტყვას, რატომ არ მოაწერეს ხელი. საუბარია დარიგებულ ტექსტზე, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილს ასევე დამატებით, პირისპირ, პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მაგრამ ვერ გაბედეს ხელმოწერა და რაც ძალიან სამწუხაროა, უკრაინელებმაც ხელი არ მოაწერეს იმ რეზოლუციას, სადაც საქართველოს გარდა თავად უკრაინაზეც იყო საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.
ენმ-მ მდინარაძის განცხადებას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ EURONEST-ის ბიუროზე რეზოლუციის ინიცირება ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ჩავარდა, „ვინაიდან EURONEST-ის ბიუროზე საქართველოს მხოლოდ მაკა ბოჭორიშვილი წარმოადგენს და არავინ ოპოზიციური პარტიებიდან”.
„EURONEST-ის 110 წევრიდან (60 ევროპარლამენტარი, 50 მონაწილე ქვეყნების დეპუტატი) რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 წევრის ხელმოწერაა საჭირო, რაც მაკა ბოჭორიშვილმა ვერ შეაგროვა. […] ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელმა ვერ მოიპოვა ევროპელი კოლეგების მხარდაჭერა, იმ ანტი-ევროპული ნაბიჯების გამო, რასაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დგამს”. – ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, უკრაინელი დეპუტატის ვოლოდიმირ არიევის განცხადებით, ისინი რეზოლუციის ინიცირებას ხელს ვერ მოაწერდნენ, რადგან, მისი თქმით, საქართველოს რუსეთს დასავლური სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.
„ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვიყავით ხმის მისაცემად, მაგრამ არ ვართ მზად, ამის თანაავტორები ვიყოთ ქართული პოლიტიკის გამო. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ ამას ჯერჯერობით არ გავაკეთებთ, ვიდრე საქართველო დასავლური სანქციების გვერდის ავლით რუსეთის მუდმივი მხარდამჭერი იქნება. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ამაზე სათანადოდ უნდა ვისაუბროთ და განვიხილოთ“, – განაცხადა არიევმა ["რუსთავი 2"-ის თარგმანი].
„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის დასაინიციირებლად საჭირო 10 ხმა ვერ შეაგროვა:
„ფორმალურად ინიცირებული არ იყო, რადგან წესები ძალიან მარტივია. ის, ვინც აინიცირებს, 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და როგორც მესმის დელეგაციის თავმჯდომარემ მათი შეგროვება ვერ მოახერხა. არ ვიცი, რა იყო პრობლემა, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაზე მსგავს რეზოლუციაზე საკმარისი ხელმოწერები არ იყო. ასე რომ, ფორმალურად გვჭირდებოდა იმის თქმა, რომ ჩვენ ამ რეზოლუციის პლენარულ დღის წესრიგში დაყენება არ შეგვეძლო“, - განაცხადა კუბილიუსმა.


