Accentnews.ge
მინისტრი: კატარიდან შემოსული 22 მლნ დოლარის ღირებულების საფრენი აპარატები სახელმწიფოს არ უყიდია

მინისტრი: კატარიდან შემოსული 22 მლნ დოლარის ღირებულების საფრენი აპარატები სახელმწიფოს არ უყიდია

20/03/2024 12:21:38 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში კატარიდან შემოსული 22 მლნ დოლარის ღირებულების საფრენი აპარატები სახელმწიფოს არ უყიდია. ამის შესახებ მან პარლამენტში მოსმენისას განაცხადა. მას შესაბამისი კითხვით „ევროოპტიმისტების“ წევრმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ მიმართა.

„ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გავიგეთ, რომ სულ ახლახან ჩამოგიტანიათ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ასე აუცილებელია ქვეყნისათვის, მაგრამ სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-12 წელიწადს ქვეყანამ ისეთი საფრენი აპარატის შეძენა შეძლო, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით რელიეფის გათვალისწინებით და ეს რამდენიმე წლით ადრე, რომ მომხდარიყო რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, იმ მრავალი უბედურების ფონზე, რაც ჩვენ ამ ქვეყანაში ვნახეთ. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, თქვენ ეს აპარატი შეიძინეთ ფრანგული ფირმისაგან, რომელმაც გერმანიაში აწარმოა. ახლახან, ასევე ინფორმაცია გავრცელდა სტატისტიკის სამსახურიდან, რომ იანვარ-თებერვალში საქართველოში 470%-ით გაიზარდა საფრენი აპარატის იმპორტი და 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატი შემოვიდა კატარიდან. რა არის ეს კატარიდან შემოსული? ვინაიდან ის აპარატი გერმანიიდან იქნა შემოყვანილი და ეს საქართველოში დარჩა, რეექსპორტზე გავიდა, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს? ანუ კატარიდან 22 მილიონ დოლარად რა იყიდა ქვეყანამ? ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ეს რეექსპორტზე გასული არ არის", – მიმართა გოცირემ გომელაურს.

საპასუხოდ, გომელაურმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ეს კერძო შესყიდვაა:

„ეს არ ყოფილა სახელმწიფო შესყიდვა, სავარაუდოდ, კერძო იყო, რაც მოვიკითხე. შსს და სახელმწიფო სტრუქტურებს ნამდვილად არ შეგვიძენია“.

მოგვიანებით, გოცირიძემ მინისტრს კვლავ მიმართა:

„თქვენ [ვახტანგ გომელაური] აღნიშნეთ, რომ კერძო სექტორმა შეიძინა კატარიდან 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატი. ეს რა აპარატია, არ ვიცით. შესაძლოა, ვერტმფრენია, ორი ან რამდენიმე პატარა ვერტმფრენი, შესაძლოა, დრონებია, თუმცა სტატისტიკის მასალებში რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც არის შემოსული საფრენი აპარატები 300-400 ათასი დოლარის. შესაძლოა, ეს იყოს დრონები, რომელიც იყიდება მაღაზიებში, რომელიც ტელევიზიებს ან კერძო სტრუქტურებს სჭირდება, მაგრამ 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატის შემოყვანა კატარიდან, ასეთი რამ არ მომხდარა ბოლო წლებია, რასაც ვაკვირდები. მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ამიტომ, უნდა დააკვირდეთ თქვენ, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში. ვიცით, რომ საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის ერთ-ერთი გზა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეულობით პროცენტით არის გაზრდილი საქართველოდან საქონლის ექსპორტი ყოფილი შუა აზიის რესპუბლიკებში, მაგალითად ყირგიზეთში, ყაზახეთში. იგივე მიკროჩიპების აქედან შეტანა ასეულობით პროცენტით არის გაზრდილი ყაზახეთში. დააკვირდით, ეს საფრენი აპარატი რა არის, საქართველოში დარჩება, გავა, თუ ვისია. 22 მილიონი დოლარი არ არის პატარა ფული“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S