ჰერჩინსკი: “საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევალი ვერ და არ იქნება“
21/03/2024 05:03:15 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, “საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევალი ვერ და არ იქნება“. ამის შესახებ მან სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, მოქალაქის კითხვაზე, "როგორ აისახება საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებთან დაკავშირებული ვითარება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე? აპირებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას?", ელჩმა შემდეგი განაცხადა:
"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მეშვეობით, რომელიც ადგილზე იმყოფება 2008 წლიდან. საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევალი ვერ და არ იქნება. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით სარგებელი საქართველოს მთელმა მოსახლეობამ მიიღოს. უნდა შეიქმნას მეტი შესაძლებლობა დეიზოლაციისათვის და გაყოფილ საზოგადოებებს შორის კონტაქტების დასამყარებლად, მათ შორის, უნდა ჩამოყალიბდეს უფრო სტრუქტურირებული კონტაქტები ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი გაძლიერების შედეგად, საქართველო ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის აუცილებლად გახდება მიმზიდველი. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სარგებელი საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრებთათვისაც იყოს ცნობილი და მიმზიდველი".


