დეკანოიძე: ამ ტემპით, მოლაპარაკებების ეტაპზე შეიძლება, ვერ გადავიდეთ, მუდმივი ანტიდასავლური პროპაგანდაც მძიმე მდგომარეობაში აგდებს პროცესს
22/03/2024 12:15:57 პოლიტიკა
„ევროოპტიმისტების“ წევრი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, აუცილებელია ისეთი რეფორმები განხორციელდეს, როგორიცაა ანტიკორუფციული რეფორმა და სასამართლოს დამოუკიდებლობა.
მისი თქმით, რეფორმების განხორციელების კუთხით „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ნება არ გააჩნია.
როგორც მან აღნიშნა, ახლა საქართველოს აქვს ჩასაბარებელი ტესტი, რაც რეფორმების განხორციელებას უკავშირდება.
„ჩემი მოსაზრებით, ამ რეფორმების განხორციელების ტემპით, ჩვენ შეიძლება მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე ვერ გადავიდეთ იმიტომ, რომ კანონის უზენაესობის სტანდარტი არის ძალიან დაბალი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნებას, სხვა ქვეყნებთან მიმართებით შესაძლებელია, ეს პოლიტიკური ნება უფრო არის გამოხატული, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არ არის. მუდმივი ანტიდასავლური პროპაგანდა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს რეფორმების მიმდინარეობის პროცესს“, - განაცხადა დეკანოიძემ.


