ბექა ლილუაშვილი – „ოცნებაზე“: მიხედონ ხალხის გასაჭირს და არა საკუთარი გასაჭირის კანონების ჭრა-კერვით მოგვარებას
25/03/2024 08:00:20 პოლიტიკა
ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება” ერთს ამბობს, მეორეს კი აკეთებს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საარჩევნო კოდექსში შესატან ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამას საკუთარი ქმედებებითაც ადასტურებენ”.
“ოცნებამ” წარადგინა ცვლილებები, რომლითაც მუნიციპალური არჩევნებისთვის სურს, გააუქმოს საკრებულოს მაჟორიტარად არჩევისთვის მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერის აუცილებლობა. „ოცნებას”, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, რომ თითქოს 60% რეიტინგი აქვს, სინამდვილეში 35%-ის იმედიც კი არა აქვს - ამ კანონის მიღება ამას ნიშნავს. ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება” ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს. ამ ნაბიჯებშიც "ოცნება" დაემსგავსა "ნაცმოძრაობას". ზუსტად თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2010 წელს, მიხეილ სააკაშვილმაც გააუქმა საკრებულოს მაჟორიტარად არჩევისთვის მინიმუმ 30%-იანი მხარდაჭერის აუცილებლობა. დღეს ძალაუფლების დაკარგვის ისტერიული შიშებით მართული “ოცნებაც” იგივეს აკეთებს, რასაც წარსულში აკეთებდა “ნაციონალური მოძრაობა”. მოვუწოდებთ ხელისუფლებას: მიხედოს ხალხის გასაჭირს და არა საკუთარი გასაჭირის კანონების ჭრა-კერვით მოგვარებას. დაიწყოს კონსტიტუციური ცვლილებების მომზადება პრეზიდენტის პირდაპირი წესით ასარჩევად. მსგავსმა მხდალმა ნაბიჯებმა ვერც “ნაცებს” უშველა და ვერც თქვენ გიშველით. ნურც თქვენ კარგავთ დროს და ნურც ჩვენ გვაკარგვინებთ, დაუბრუნდით საქმეს!", – განაცხადა ლილუაშვილმა
ცნობისთვის: საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.
ამავე კანონპროექტით, “ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. „საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.
„ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.


