ხატია დეკანოიძე უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ილია დარჩიაშვილს მიმართავს
26/03/2024 08:02:52 პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მიმართავს.
დეპუტატის თქმით, საარჩევნო უფლება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლითაა გარანტირებული და სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს უფლების ხელმისაწვდომობა.
"საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 37 ქვეყანაში 50 უბანი იყო გახსნილი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 247-მა ემიგრანტმა, რაც ძალიან დაბალი რიცხვია მაშინ, როცა სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ქვეყნიდან მილიონამდე ადამიანია საზღვარგარეთ გასული. აქტივობის ეს რიცხვი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ხელმისაწვდომობას.
ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შესაძლებლობის გაზრდისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობა მართებს.
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
უცხოეთის რომელ ქალაქებშია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, სადაც დღეის მდგომარეობით შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბნები?
საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე თითოეულ ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში? (გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ კონკრეტულად რომელ ქალაქში/ ქვეყანაში რამდენი მოქალაქე იმყოფება აღრიცხვაზე)
საგარეო საქმეთა სამინისტრო გახსნის თუ არა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს (თუნდაც დროებითი დიპლომატიური წარმომადგენლობა საარჩევნო მიზნებისთვის) იმ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები (სულ მცირე 50 მოქალაქე) მოითხოვენ საარჩევნო უბნის გახსნას?
საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგმავს თუ არა ემიგრანტებისთვის საინფორმაციო კამპანიების წარმოებას მათი არჩევნებში მონაწილეობის გაზრდის მიზნით (მათ შორის, საინფორმაციო კამპანიებს საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან) თუ გეგმავს, რა ტიპის აქტივობებია დაგეგმილი?”, - მიმართავს დეპუტატი მინისტრს.


