ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია გამოქვეყნდა
27/03/2024 09:02:11 პოლიტიკა
ექს–პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია გამოქვეყნდა. ის 23 მარტს არის შევსებული. ყოფილ პრემიერს ახალი ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება თანამდებობის დატოვებიდან ორ თვეში ჰქონდა. მას კანონით მიცემული ვადა არ დაურღვევია. ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2023 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა ფული აჩუქეს. ამ შემთხვევაში 150 000 ლარი; ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო, 14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს. შარშან მისი ხელფასი თვეში საშუალოდ 3750 ლარი გამოდიოდა;2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან მოახერხა, დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა.
დოკუმენტში ცალკე არის გამოყოფილი ირაკლი ღარიბაშვილის შვილის ნიკოლოზ ღარიბაშვილის აშშ-ში სასწავლებლად გაშვების დროს დაქირავებული სახელმწიფო თვითმფრინავის ხარჯი 2023 წლის აგვისტოში.
თბილისიდან მიუნხენში ნიკოლოზ ღარიბაშვილის კერძო რეისით ჩაყვანასა და უკან დაბრუნებაში პრემიერის მშობლებმა 109 500 ლარი გადაიხადეს. დამატებით, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაუჯდა.
განახლებული დეკლარაციის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ოჯახური წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა, შვილების სწავლაში 42 900 ლარი გადაიხადეს, სახელმწიფო ტყის სარგებლობისთვის კი - 6255 ლარი.


