ჰერჩინსკი: ჩვენ ვამზადებთ გაფართოების შესახებ მოხსენებას და ვგეგმავთ ვიზიტებს 27 წევრი სახელმწიფოდან, რათა მოხდეს დიალოგის ინტენსივობა, დრო არ ითმენს
27/03/2024 10:30:46 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ საუბრობს 9 ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად აქვს შესასრულებელი.
მან აღნიშნა, რომ "ეს არის რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროკავშირის წევრობისკენ".
"ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, რადგან ეს წაადგება ევროკავშირს და წაადგება საქართველოს. ამისთვის საჭიროა რეფორმები, რომელთაგან ზოგიერთი არ არის მარტივი. ისინი მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ყველას ერთად მუშაობას. იმისათვის, რომ წარმოგვედგინა საგზაო რუკა, ჩვენ შევიმუშავეთ ცხრა ნაბიჯი. ეს არის რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროკავშირის წევრობისკენ. არსებობს ბევრი პოზიტიური ელემენტი და მუშაობა გრძელდება. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ მონდომებას, მაგრამ ასევე არსებობს ღია საკითხები, რომელთა შესახებაც უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტს, მათ შორის 27 წევრი სახელმწიფოდან, რათა მოხდეს დიალოგის ინტენსივობა, რადგან დრო არ ითმენს. ჩვენ ამჟამად უკვე ვამზადებთ გაფართოების შესახებ მოხსენებას, რომელიც გამოქვეყნდება მიმდინარე ოქტომბერს, ისევ ევროკომისიის რეკომენდაციებით იმის შესახებ, გადავა საქართველო შემდეგ ეტაპზე თუ მოცდა მოუწევს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკმარისი პროგრესი იქნება საიმისოდ, რომ ჩვენ ვთხოვოთ წევრ ქვეყნებს, საქართველო მომდევნო ეტაპზე გადაიყვანონ", – განაცხადა მან.
დიპლომატი ხაზს უსვამს მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობას და აცხადებს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება საჭიროა:
"თუ თქვენ შეხედავთ 9 ნაბიჯს, იქ არის რამდენიმე სერიოზულ რეფორმაზე საუბარი, მათ შორის – საკმაოდ მგრძნობიარე თემებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა. ამიტომ ჩვენ უნდა დავსხდეთ და გულახდილად ვისაუბროთ. ნათელია, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს გაწევრიანება და საქართველოს პარლამენტში მყოფ ყველა პარტიასაც სურს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. ასე რომ, სადაც არსებობს სურვილი, იქ არსებობს გზაც. სრულად დამოუკიდებელი, სრულად პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემა არის ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტი. სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა მართლმსაჯულების რეფორმას მიიჩნევს ერთ-ერთ პრიორიტეტად. ეს ასევე არის ერთ-ერთი ნაბიჯი ცხრიდან, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. თუ თქვენ ნახავთ პირველ მოხსენებას გაფართოების შესახებ, რომელიც საქართველოს ეხება, იქ წერია, რომ ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება და ეს უნდა მოხდეს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება საქართველოს ამ მხრივ, რათა საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატია".


