Accentnews.ge
მიხეილ დაუშვილი: „ოცნება“ ცდილობს, მაჟორიტარულის მიმსგავსებულო მოდელი შექმნას, რადგან ხვდება, რომ ამ სისტემის გარეშე მისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ურთულესი ამოცანაა

მიხეილ დაუშვილი: „ოცნება“ ცდილობს, მაჟორიტარულის მიმსგავსებულო მოდელი შექმნას, რადგან ხვდება, რომ ამ სისტემის გარეშე მისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ურთულესი ამოცანაა

01/04/2024 09:00:06 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, მაჟორიტარულის მიმსგავსებულო მოდელი შექმნას, რადგან ხვდება, რომ ამ სისტემის გარეშე მისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ურთულესი ამოცანაა.

"ვინაიდან ამას ხვდებიან, ცდილობენ, მაჟორიტარულის მიმსგავსებულო მოდელი შექმნან. არა მხოლოდ ეს, მათ შორის, 40%-იანი ბარიერის მოხსნა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მეტყველებს პირდაპირ იმაზე, რომ დღეს "ოცნება" თვითონვე აღიარებს, რომ მათ ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია. მათ არჩევნებში გამარჯვების რესურსი აღარ გააჩნიათ. ამ ყველაფერს თვითონვე აღიარებენ იმ ცვლილებებით, რასაც ახორციელებენ. ამის ნათელი დადასტურება იყო საარჩევნო კოდექსის წინა ცვლილებებიც. უბრალოდ, ეს ხალხი ხვდება, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, ამიტომ ყველა რესურსი სჭირდებათ იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ," - განაცხადა დაუშვილმა.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტი, რომელიც პარლამენტში 20 მარტს დარეგისტრირდა, ორ ძირითად ცვლილებას ითვალისწინებს.

პირველი ცვლილება 2024 წელს არ უკავშირდება და ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს: უქმდება 40%-იანი ზღვარი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში „საარჩევნო კოდექსითაა“ დაწესებული მაჟორიტარებისთვის.

მეორე ცვლილება კი საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება კერძოდ, პარტიას ენიჭება უფლება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის (ან ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა „დელეგატად“ განსაზღვროს. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის იგი წარდგენილი.

კანონპროექტის ავტორი „ქართლი ოცნების“ ფრაქციაა, ინიციატორები „ოცნების“ წევრი დეპუტატები გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.

„ქართული ოცნება“ ცვლილების საჭიროებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ რეგიონებში მოსახლეობასა და პარლამენტს შორის ბმის შესუსტებით ხსნის. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 25 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ „გაეროს განვითარების სააგენტოს დახმარებით ჩატარდა კვლევა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების კვალდაკვალ, პარლამენტმა როგორ შეინარჩუნოს ბმა რეგიონში მოსახლეობასთან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S