ხვიჩია ოპოზიციას მოუწოდებს, არ აჰყვეს პროვოკაციას, ხოლო ქართველ ხალხს – დაიმახსოვროს რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს
03/04/2024 09:56:41 პოლიტიკა
„გირჩის” დეპუტატ იაგო ხვიჩიას ხედვით, "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მმართველი გუნდი იმიტომ აბრუნებს პარლამენტში, რომ "ჩხუბი იყოს" და „ქართულმა ოცნებამ“ თავი კომფორტულ გარემოში იგრძნოს.
ის ოპოზიციას მოუწოდებს, "ამ პროვოკაციას არ ავყვეთ".
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ტაქტიკა სწორია, ალეკო ელისაშვილმაც, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა, "ნერვები უნდა მოთოკოს და ამ თემაზე მსჯელობა მშვიდად უნდა გაგრძელდეს, ისე, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს, „ქართული ოცნება“ არ გამოსწორდება.”
„რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ახლა ამ ცვლილებების შემოტანა "ნაცების" გამარჯვების აღიარებაა, რადგან „ქართული ოცნების" ტაქტიკამ არ გაამართლა, რომ დისკუსიები ჩხუბში გადასულიყო ლგბტ თემაზე იქიდან გამომდინარე, რომ ამას "ნაცები" არ აჰყვნენ და დამცინავი იუმორით შემოიფარგლნენ. ეს კანონპროექტი იმიტომ შემოიტანეს, რომ პარლამენტში ჩხუბი იყოს და „ქართულმა ოცნებამ" თავი კომფორტულ გარემოში იგრძნო. ოპოზიციას მოვუწოდებ, „ნაციონალურ მოძრაობასაც”, ალეკო ელისაშვილსაც, რომ ამ პროვოკაციას არ ავყვეთ, რადგან ეს არის პროვოკაციული ცვლილება რომ ამან გამოიწვიოს დავიდარაბა, ჩხუბი და არა დისკუსიები. ქართველ ხალხს მოვუწოდებ, დაიმახსოვრონ ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, როგორ მიაქვს უკან ქართველი ხალხის ნაშრომი და ეს გაბრაზება 26 ოქტომბრისთვის მიიტანოს. „ნაცების“ ტაქტიკა, რომ არ ჰყვებიან, სწორია. ალეკო ელისაშვილმაც ნერვები უნდა მოთოკოს და ამ თემაზე მსჯელობა მშვიდად უნდა გავაგრძელოთ, ისე, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს, „ოცნება“ არ გამოსწორდება”, - უთხრა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს.
"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ პროექტის შინაარსი უცვლელი იქნება, თუმცა იქნება მხოლოდ ერთი ცვლილება – "უცხოური გავლენის აგენტის" ნაცვლად მიეთითება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარი".
დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.
კანონპროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც მმართველი გუნდი ცდილობდა მიღებას, თუმცა საყოველთაო პროტესტის ფონზე ვერ შეძლო, მოწინააღმდეგეების მხრიდან შეფასდა "რუსულ კანონად". მსგავს კანონს კრემლის რეჟიმი კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების დევნისთვის იყენებს.


