რომან გოცირიძე – „გირჩის“ წევრებს: რა ივაჭრეთ? ისედაც 0% იყო რეიტინგი, ახლა ერთი ქალი არ მოგცემთ ხმას
04/04/2024 10:59:46 პოლიტიკა
"რა ივაჭრეთ? ისედაც 0% იყო რეიტინგი, ახლა ერთი ქალი არ მოგცემთ ხმას", – ასე მიმართა „გირჩის“ წევრებს „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „გირჩს“ მთელი ქვეყანა დასცინის".
„არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. მე ვხმარობ, პოლიტიკურ კლიშეს, რომელიც დიდი ხანია დამკვიდრდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ენციკლოპედიაშიც შეგიძლიათ ნახოთ. პოლიტიკური იდიოტი არის პოლიტიკური პროცესის ამსახველი ტერმინი. გიკითხავთ, ენციკლოპედიიდან ამონარიდს: „პოლიტიკურ იდიოტებად ითვლებიან ის ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც მართულნი არიან ვიღაცების მიერ, მარიონეტები, ადვილად ასაყოლიებლები, ბრმა იარაღი მათი მიზნების შესრულების პროცესში“. ცოტა არ იყოს, რომანტიზებულია. გულუბრყვილო ადამიანები, რომლებიც ბრმა იარაღი აღმოჩნდნენ ვერაგი და გამობრძმედილი პოლიტიკოსების ხელში. თუ პოლიტიკური იდიოტების განმარტებას ამ ფორმით გავიგებთ, ეს ყველაზე კარგია, ვინაიდან გულუბრყვილოები ყოფილან და „ქართული ოცნების“ თვალში „გირჩის“ ინიციატივა და „გირჩი“ პოლიტიკური სასარგებლო იდიოტები არიან, თქვენთვის სასარგებლო საქმეს შეუწყვეს საქმე, ოპოზიციის თვალში არა სასარგებლო იდიოტებად გამოდიან. ეს პოლიტიკური ტერმინებია. დავუშვათ, ესენი არ არიან ისეთი გულუბრყვილოები, როგორც პოლიტიკური იდიოტების კონტექსტში განიხილება ხოლმე. ისინი იტყვიან, ჩვენ ვართ პრაგმატული მოვაჭრეები, ჩვენთვის პოლიტიკური პროცესი არის ვაჭრობა. ვეკითხებით, რა ივაჭრეთ? მთელი ქვეყანა დაგცინით, ისედაც 0% იყო რეიტინგი ახლა ერთი ქალი ხმას არ მოგცემთ“,- აღნიშნა გოცირიძემ.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „გირჩის“ ერთადერთი წარმატებული ვაჭრობა არის "მღვდლის ტალონებით ვაჭრობა“.
„ყოჩაღ, 5 წელია, ვაჭრობთ, ძალიან კარგადაც, მილიონები იშოვეთ. ეს არის თქვენი წარმატებული ვაჭრობის შედეგი. ამ წარუმატებელი ვაჭრობის შედეგს აიღებთ არჩევნებში“,- აღნიშნა გოცირიძემ.
ამავე თამაზე: პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.


