სააკაშვილი: ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია
04/04/2024 14:00:24 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების მიერ "აგენტების" შესახებ კანონის პარლამენტში დაინიცირებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და პარალელებს ავლებს ყირგიზეთსა და ყაზახეთთან, რომლებმაც მსგავსი კანონი უკვე მიიღეს.
როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, კანონის მეორედ შემოტანა, დიდი შეთქმულების ნაწილია:
"ყირგიზეთშიც კანონი მეორე მცდელობით, 2 დღის წინ მიიღეს. შარშან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კანონი გაიწვია და წელს ხელახლა შემოიტანა. მანამდე ეს კანონი მიიღო ყაზახეთმა. მოსკოვის მთავარი ამოცანა, რაც პუტინმა პირველივე შეხვედრაზე განმიმარტა, არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ამოძირკვა და ამიტომ ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია.ჩვენ ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობა, მობილიზაცია და შეუპოვრობა გვჭირდება. ჩვენ ეს გამოგვივა! არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ!",– ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. პროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარი" პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა უმრალესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ პროექტს ზაფხულში დაამტკიცებენ.


