სტოლტენბერგი – "აგენტების" კანონზე: ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა
04/04/2024 15:59:02 პოლიტიკა
ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა,– ასე ეხმიანება ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონპროექტის ინიცირებას.
სტოლტენბერგი შიშობს, რომ მას გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე, გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს.
“ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან, ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა.
საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო რეფორმების მნიშვნელობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ქართველმა ხალხმაც ნათელი გახადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში.
ასე რომ, ვშიშობ, რომ ნებისმიერი კანონს, რომელსაც ეს “უცხოური აგენტების” იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე, რომლებიც ასევე საქართველოში მოქმედებენ, ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. პროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარი" პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა უმრალესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ პროექტს ზაფხულში დაამტკიცებენ.


