"ტექსტი ამაზრზენია" – კოლსი ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევას მოითხოვს
04/04/2024 16:30:18 პოლიტიკა
ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, "ქართული ოცნების" დეპუტატს, ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოართვას. ამ პოზიციით ლატვიელი დეპუტატი გამოეხმაურა ოდიშარიას მხრიდან საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ქალი კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებას.
"საქართველოს სასწორი ისევ კრემლისკენ იხრება - ამის შესახებ პოსტის ბოლოს ვიტყვი", - წერს
კოლსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს რომ ქართველი დეპუტატი ბექა ოდიშარია პასუხისმგებელია მის სიტყვებზე, რომელიც ტრიბუნიდან კოლეგებს, ქალ დეპუტატებს მიუძღვნა:
"ტექსტი ცალსახად ამაზრზენი, საზიზღარია. ბექა ოდიშარია, ასევე ლატვიის საპატიო კონსულია საქართველოში - პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას.სირცხვილია ასე გაგრძელება, საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია"
მისივე თწმით, საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო და უფრო შორდება ქართველების არაერთხელ გამოთქმულ პოზიციებს - ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მომავლის მშენებლობაზე.
მან "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების კანონის" ხელახლა ინიციირებას "რეანიმირებული ზომბი" უწოდა:
"უცხოური აგენტების" კანონპროექტი, რომელიც შეიქმნა რუსეთის მოდელით და საყოველთაოდ უარყოფილია".
"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. პროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარი" პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა უმრალესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ პროექტს ზაფხულში დაამტკიცებენ.


