სვენ მიქსერი: “ქართული ოცნება” ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა
04/04/2024 16:49:46 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ეხმიანება "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონპროექტის ინიცირებას და აღნიშნავს, რომ მმართველი ძალა ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა.
„უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანით პარტია “ქართული ოცნება” შლის უფრო ღრმა ევროპული ინტეგრაციისადმი ქართველების მისწრაფებებს და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა”, - წერს მიქსერი სოციალურ ქსელ X-ზე.
"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. პროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარი" პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა უმრალესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ პროექტს ზაფხულში დაამტკიცებენ.


