ომბუდსმენი – ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე: "გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ამის მიღწევა აუცილებელია სწორი გზებით"
05/04/2024 18:53:48 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ : "გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ამის მიღწევა აუცილებელია სწორი გზებით".
როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, "გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა შესაძლებელია ქვეყანაში არსებული გრანტის კანონზე მუხლის დამატებით".
იგი მიიჩნევს, რომ "თუ კანონი წინააღმდეგობაში მოდის სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან და ევროატლანტიკურ გზასთან, საკითხი უნდა იქნას გადახედილი".
"კანონის მიზანი, რაც გულისხმობს გამჭვირვალობას, ლეგიტიმურია, მაგრამ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია სწორი გზებით მოხდეს. მე ამაზე შარშან პარლამენტში ვსაუბრობდი, სადაც ვამბობდი, რომ ის, თუ ვინმეს აინტერესებს, ვინ არის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის გვაქვს გრანტის კანონი, რომელსაც შესაძლებელია, რომ დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას. თუ ეს მიზანი პოლიტიკური დღის წესრიგით არის დატვირთული და ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან და მათ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებთან ევროინტეგრაციის გზაზე, საკითხი უნდა იქნას გადახედილი. ეს პოზიცია მქონდა მაშინაც და მაქვს დღესაც", - ამბობს იოსელიანი.
კითხვაზე, "არის თუ არა გამჭვირვალობის პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციებში", სახალხო დამცველმა შემდეგი განაცხადა:
"მე არ ვიცი, რომელიღაც პარტიას რაღაც ერიცხება, თუ არ ერიცხება... ყოველ შემთხვევაში, ეს კითხვის ნიშნებიც რომ არ არსებობდეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ყველაფრის შესახებ", - განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველის თქმით, "იმ შემთხვევაში, თუ კანონი საბოლოო რედაქციით საქართველოს კონსტიტუციასთან მოვა წინააღმდეგობაში, ომბუდსმენის აპარატი კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს".
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, - პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


