სახალხო დამცველი: "ვეტინგი" არ არის ის რეცეპტი, რომელიც სისტემაში არსებულ ყველა პრობლემას მოაგვარებს"
05/04/2024 19:06:46 პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველის ლევან ოსელიანის განცხადებით, "ვეტინგი" არ არის რეცეპტი, რომელიც ჩვენ სასამართლო სისტემას ერთბაშად გამოიყვანს და მოაგვარებს ყველა პრობლემას". ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
ლევან იოსელიანი პირდაპირ ამბობს, რომ გარკვეულ ქვეყნებში ეგრეთ წოდებულმა ვეტინგმა "უარესი შედეგიც კი გამოიღო", ამიტომ, მისი თქმით, საჭიროა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პოლიტიკური ნება გამოხატონ და იმსჯელონ იმ მიდგომაზე, რომელიც სასამართლო სისტემას ცალსახად გააუმჯობესებს.
"ვეტინგი" არ არის რეცეპტი, რომელიც ჩვენს სასამართლო სისტემას ერთბაშად გამოიყვანს და მოაგვარებს ყველა პრობლემას. ამას ადასტურებს იმ ქვეყნებში ჩატარებული "ვეტინგები", რომელთა გამოცდილებაც გარკვეულწილად შევისწავლე. ამაზე შეხვედრა არასამთავრობო სექტორთანაც მქონდა და მათი აზრიც არის გარკვეულწილად, რომ ამის ასე კალკირება არ შეიძლება, რადგან ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა, გამოწვევები და ეს ყველაფერი საქართველოს რეალობაზე მორგებული უნდა იყოს. ჩვენ გვახასიათებს რაღაცის ატაცება და ნაკლებად გვიყვარს შინაარსში შესვლა. შეიძლება, დღეს "ვეტინგი" პოპულარული სიტყვაა, მაგრამ თუ არის იმის ალბათობა, რომ უარესს შედეგებამდე მივიდეთ, მაშინ უფრო უნდა დავფიქრდეთ. ალბანეთის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, იქ უარესი შედეგი გამოიწვია. მე ასევე ვნახე ანგარიშები უკრაინასთან დაკავშირებით და ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში უკეთესი შედეგი მოიტანა "ვეტინგმა", რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს", - ამბობს იოსელიანი.
ცნობისთვის: „ვეტინგი” მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებაა.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილია 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. 9–დან ერთ-ერთი პირობა სასამართლო რეფორმის დასრულებას ეხება.
ამასთან, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად შეესაბამებოდეს.
"კერძოდ, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად დანიშნულნი არიან მაღალ თანამდებობაზე სასამართლო სისტემაში, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სხვა სასამართლოებში. გარდა ამისა, საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციების განსახორციელებლად ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით", – ნათქვამია დოკუმენტში.
„ქართული ოცნება“ უარს აცხადებს, დანერგოს ე.წ. ვეტინგის სისტემა, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: "სასამართლოს გუშაგი" აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც მისი აზრით, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან.


