Freedom House „ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს ე.წ „აგენტების კანონი“
06/04/2024 08:56:36 პოლიტიკა
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ“ უკან გაიწვიოს ხელახლა ინიციირებული „აგენტების კანონი“. ამის შესახბ ორგანიზაცია განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიღება ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება:
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის ხელახალი ინიციირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს.
"უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი, მიღების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთსა და ყირგიზეთთან დააკავშირებს - ავტოკრატიებთან, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებთ პარტია "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ გაიწვიოს წარდგენილი კანონი“ - აღნიშნულია Freedom House-ის განცხადებაში.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, - პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


