ხოშტარია: "ერთიანობა არის გადამწყვეტი რუსული კანონის უკან წასაღებად"
08/04/2024 08:32:14 პოლიტიკა
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ "ერთიანობა არის გადამწყვეტი რუსული კანონის უკან წასაღებად".
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიციის პასუხისმგებლობა დღეს მოქმედებაა.
"ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის დარეგისტრირებით ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, მორიგ ჯერზე გადადგა ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ანტიევროპული ნაბიჯი. ეს არის მცდელობა, ამოაშენონ კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ქართული ოცნება" მიდის ჩვენი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოების წინააღმდეგ. თუმცა ჩვენ გვინახავს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც "ქართული ოცნება" უპირისპირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის სრული უმრავლესობის ძალიან მტკიცე ნებას, ისტორიულ ამოცანას, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი და ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, ის მარცხდება სრული კრახით და ასე იქნება ამჯერადაც. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური კონსენსუსი ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო გახდეს ევროპული, თავისუფალი ოჯახის წევრი. შეფასება არის ცალსახა. ეს არის ანტიქართული, ანტიევროპული გადაწყვეტილება. გირჩი-დროას სახელით მინდა გამოვხატო მტკიცე ნება და აბსოლუტური გააზრება, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა დღეს მოქმედება. მოქმედება ერთად, საზოგადოებასთან ერთად, ყველა იმ მოქალაქესთან ერთად, რომელიც არ დათმობს საქართველოს ევროპულ და თავისუფალ მომავალს. მე მინდა დავარწმუნო ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად კამათებისა, რომელიც არსებობს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, დღეს პოლიტიკური პარტიები ვდგავართ ერთად, ვიდგებით ერთად და ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ერთად. ეს ერთიანობა არის გადამწყვეტი, ამ რუსული გადაწყვეტილების უკან წასაღებად. ამასთანავე, მე ხაზი მინდა, გავუსვა, რომ იმ ღირსეული პასუხის სიმბოლო, რომელსაც საქართველოს არაერთხელ გაუცია, მათ შორის, შარშან, მარტში, "ქართული ოცნების" ანტიევროპული, ანტიქართული მოქმედებებისთვის, დღეს არის ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ვერც ციხეში, ვერც ზეწოლით, ვერც პროპაგანდით, ვერც სიბინძურით, ვერც ტყუილით ვერ გატეხეს. ის დღეს რჩება შეუპოვარი, მებრძოლი, გაუტეხელი, პრინციპული მოქალაქე, თავისუფალი ახალგაზრდა, რომელიც ასევე თავის პრინციპულობით ეხმარება ამ საერთო ბრძოლას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?
რაც შეეხება ლაზარე გრიგორიადისს, მის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება. სხდომა 8 აპრილს 14:30 საათზე არის ჩანიშნული.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში გასული წლის 30 მარტს წარუდგინეს. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას ამ საქმის განხილვის პარალელურად 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2 წლის წინ მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მისი ოჯახი და ადვოკატები სასამართლოსგან გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში იმედს იტოვებენ, რომ მას პრეზიდენტი შეიწყალებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლებით გამოყენება ახალი პარლამენტის არჩევამდე, ანუ 2024 წლის ოქტომბრამდე შეუძლია.


