Accentnews.ge
ეკონომიკის მინისტრი: თბილისის ახალი აეროპორტიდან ფრენების განხორციელება სავარაუდოდ, 2028 წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი

ეკონომიკის მინისტრი: თბილისის ახალი აეროპორტიდან ფრენების განხორციელება სავარაუდოდ, 2028 წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი

08/04/2024 10:09:52 პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, თბილისის ახალი აეროპორტიდან ფრენების განხორციელება სავარაუდოდ, 2028 წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი ამოცანაა, 2025 წლის ბოლოს გვქონდეს სრულყოფილი გეგმა, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ვარაუდით, 3 წელი დასჭირდება, 2028 წლის ბოლოსთვის შევძლებთ გვქონდეს სრულყოფილი, თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურა, რათა პირველი ფრენები განხორციელდეს. რაც შეეხება მართვას, ჩართული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც მსოფლიოს ყველა გავრცელებული მოდელის ანალიზი შემოგვთავაზა. რამდენიმე ოფცია ცალსახად უპირატესია ჩვენს პირობებში, როდესაც სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ კონტროლსა და მფლობელობას აეროპორტზე და შემოჰყავს მმართველი კომპანია, რომელსაც პროფესიონალური გამოცდილება გააჩნია“,- აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, "აეროპორტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება, თითოეულ აეროპორტს აქვს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი თუ მომსახურება, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს, იქნება ეს ტექნოლოგიური, თუ რიგითი სამუშაო ადგილები".

„სივრცითი განვითარების კუთხით, ახალი ტერიტორია მოგვცემს შესაძლებლობას, მეტად განვითარდეს რუსთავი, რუსთავის მოსახლეობისთვის ახალი დასაქმების ადგილები ჩნდება. აეროპორტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება. თითოეულ აეროპორტს აქვს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი, თუ მომსახურება, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს, იქნება ეს ტექნოლოგიური, თუ რიგითი სამუშაო ადგილები. ვფიქრობ, ეს დამატებითი პლუსი იქნება. საბოლოოდ, ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი აგლომერაციის ჩამოყალიბებას თბილისსა და რუსთავს შორის, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხითაც. გამარჯვებიდან რუსთავამდე მონაკვეთი გაივლის ახალი აეროპორტის ტერიტორიას“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, "პროექტი იმდენად მიზანშეწონილია, რომ შეძლებენ დაფინანსების მოძიებას არასუვერენული არხებით, სუვერენული წნეხის გარეშე".

„ეს მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის პროექტია. სრული ორი ფაზა, მილიარდ 200 მილიონ დოლარამდე დაჯდება. როგორც შევაფასეთ, მათ შორის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი აქვს, ეკონომიკურ ზრდას აჩქარებს ახალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამავე თემაზე: პრემიერი: ვაზიანში ახალი, საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, მომავალ წელს დასრულდება პროექტირება და ტენდერის პროცედურები.

ცნობისთვის: 2023 წლის 5 ივნისს საქართველოს იმჟამინდლმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა მთავრობის „ამბიციურ გადაწყვეტილებაზე”, საქართველო „რეგიონში საავიაციო ჰაბი” გახადოს. მან თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეა განიხილება და ამისთვის იდეალური ადგილი „ვაზიანის ყოფილი აეროდრომია“.

ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა მდებარეობს, აქვეა NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S