Accentnews.ge
"ოცნება" – „გახარია საქართველოსთვის“ ალტერნატიულ კანონპროექტზე: „არ იძლევა იმ სურათს, რომელსაც გამჭვირვალობაზე უნდა იძლეოდეს“

"ოცნება" – „გახარია საქართველოსთვის“ ალტერნატიულ კანონპროექტზე: „არ იძლევა იმ სურათს, რომელსაც გამჭვირვალობაზე უნდა იძლეოდეს“

08/04/2024 10:42:12 პოლიტიკა

„არ იძლევა იმ სურათს, რომელსაც გამჭვირვალობაზე უნდა იძლეოდეს“, – ასე ეხმიანებიან "ქართულ ოცნებაში" პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილ კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს. „გახარია საქართველოსთვის“ ინიციატივაა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს.

“გრანტების შესახებ კანონის” შესაბამისად მოქმედება არ იძლევა იმ სურათს, რა სურათსაც უნდა იძლეოდეს ჩვენი საზოგადოებისთვის ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამგვარად მოხდეს ჩვენი საზოგადოების ინფორმირება იმ საკითხზე, რასაც ჰქვია სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება და იმაზე, თუ ვისი ინტერებით მოქმედებენ ეს ორგანიზაციები. არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს ვინმეს წინააღმდეგაა მიმართული, არასწორია. ეს კანონი არავის წინააღმდეგაა მიმართული. ეს კანონი მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობისკენ და არ შეიძლება ვინმემ, თუ ის კეთილსინდისიერად მოქმედებს, გამჭვირვალობა დაინახოს როგორც მის წინააღმდეგ მიმართული”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, “ვითომდა არგუმენტები, რაც ოპოზიციის და ორგანიზაციების მხრიდან ისმის, არგუმენტებად არ გამოდგება”.

“შინაარსობრივად ვერავინ განმარტავს, რატომ შეიძლება ეწოდოს ამ კანონს რუსული და რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა რაიმე ევროპულთან წინააღმდეგობაში. საუბარია გამჭვირვალობაზე, ჩვენს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებაზე და მეტზე არაფერზე. ძალიან სამწუხარო და უცნაურია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც პირიქით - გამჭვირვალობის მომხრე უნდა იყვნენ, თავად არიან გამჭვირვალობის წინააღმდეგი და ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ კანონის მიზნებთან და ზოგადად, კანონთან დაკავშირებით”.

რას გულისხმობს ალტერნატიული კანონპროექტი

„გახარია საქართველოსთვის“ ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კანონში: ერთი გრანტების მიღების წესს ეხება, მეორე კი - ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ანგარიშგებას.

პარტიის წევრი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რომ "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონს, რომელიც გრანტის მიღების პროცესსა და საფუძვლებს არეგულირებს, უნდა დაემატოს ჩანაწერები:

  • ნებისმიერი, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებულია შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში;
  • წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობასა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას;
  • წარდგენილი ანგარიშგებები გამოქვეყნდება საჯაროდ.

"ცვლილებები არ ითვალისწინებს არანაირ რეგისტრაციას არანაირ რეესტრში და მით უმეტეს რაიმე იარლიყის მიწებებას ან გრანტის მიმღები ორგანიზაციების რაიმე ფორმით სახელდებას", - ამბობს ბექა ლილუაშვილი და აზუსტებს, რომ მიდგომა გრანტის მიმღები ყველა იურიდიული პირისთვის საერთოა:

"შეიძლება, გამონაკლისად დადგინდეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო გრანტის მიმღები და სხვა პირები მთავრობის დადგენილებით".

პარტიამ "საქართველოსთვის" "აგენტების კანონის" კიდევ ერთი ალტერნატიული პროექტი რამდენიმე დღის წარადგინა. ის ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს, დარეგისტრირდება. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გავრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S