პარლამენტში სამართალდამცველები ჟურნალისტების ნაწილს არ უშვებენ
08/04/2024 11:03:47 პოლიტიკა
პარლამენტში სამართალდამცველები მედია ორგანიზაციების ნაწილს არ უშვებენ. მათი თქმით, აკრედიტაციის მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.
ამ წუთებში ისინი საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურისგან პასუხს ელოდებიან.
„მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან დილიდან გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ წესით პარლამენტში უნდა შევდიოდეთ. ველოდებით პრესსამსახურის პასუხს, თუ რატომ არ გვიშვებენ. ჩვენ საშვები გვაქვს. ვისაც აკრედიტაცია აქვს არ შეუშვეს. ბიუროზე არის განხილვა „რუსულ კანონის“. ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კითხვები. ეს კანონი მათ შორის, ჩვენს მომავალს, ქვეყნის მომავალს ეხება“, - განაცხადა „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


