Accentnews.ge
მინისტრები ვერ პასუხობენ კითხვას, რატომ ცხადდებიან მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები გრანტის მიღებისთვის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად"

მინისტრები ვერ პასუხობენ კითხვას, რატომ ცხადდებიან მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები გრანტის მიღებისთვის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად"

08/04/2024 11:14:05 პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვერ პასუხობენ კითხვას, გრანტის მიღებისთვის ავტომატურად რატომ უნდა დაერქვას მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი" და მთავრობას — არა.

ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მინისტრებმა კვლავ "გამჭვირვალეობაზე" გააკეთეს აქცენტი, როგორც ამას მმართველი გუნდი და მასთან აფილირებული წრეები ცდილობენ საზოგადოებისთვის პროექტის საჭიროების შეთავაზებას კონტექსტის და მის დისკრიმინაციულ ხასიათის ნიველირებით.

"კანონპროექტის შინაარსი არის ანგარიშგება, გამჭვირვალობა, მაქსიმალური ანგარიშვალდებულება, რომელიც არ არსებობდა. იარლიყზე არ ვთანხმდებით. ვფიქრობ, რომ (კანონპროექტის) შინაარსი არის ძალიან ცალსახა, რომელზეც არ მგონია, რომ საზოგადოების რომელიმე ჯგუფს შეიძლება კითხვა ჰქონდეს, თუ მას რაიმე დასამალი არ აქვს. საზოგადოებრივ ინტერესებს ეს შინაარსი პასუხობს, ამ კანონის ამოცანა პასუხობს. რაც შეეხება სათაურს, სათაურზე შეიძლება სხვადასხვა ვერსია, სხვადასხვა აზრი არსებობდეს, თუმცა თუ მნიშვნელოვანი შემოსავლები კონკრეტული ქვეყნიდან არის, რა თქმა უნდა, ეს თავის თავში მოიაზრებს, რომ გარკვეულწილად ეს ორგანიზაცია ატარებს ამ ქვეყნის ინტერესებს. ამ შემთხვევაში, პასუხი ცალსახაა",– თქვა დავითაშვილმა

ინფორმაციისთვის: დავითაშვილი 2007-2009 წლებში USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის, Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, 1999-2001 წლებში - მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრი, (CERMA)-ის მთავარი ბიზნესკონსულტანტი.

ანალოგიურია ლაშა ხუციშვილის პასუხიც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კითხვა სხვა რამეს ეხებოდა, „ბიუჯეტი არის სრულიად გამჭვირვალე".

"ყველა გრანტი, რომელიც აქვს სახელმწიფო ორგანიზაციას, ამის რეგისტრაცია ხდება, ეს გრანტები არის საჯარო, დეკლარირდება, მათ შორის, ბიუჯეტში“, – აცხადებს ხუციშვილი. როგორც მან აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის შემთხვევაში კი უნდა გამოქვეყნდეს ის ფინანსური ანგარიშგებები, რომელიც „დღეს პრაქტიკულად არ ქვეყნდება“.

„საუბარი აგენტის იარლიყის მიწებებაზე არ არის. ვფიქრობ, ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ სათაურს გავცდეთ და საუბარი შინაარსზე დავიწყოთ, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ვნახოთ კანონპროექტის შინაარსი და თუ რამე მუხლი არის, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს არასამთავრობო სექტორს, ან მედიას, ბუნებრივია, დისკუსია უნდა გაიმართოს ამ მუხლებზე. ამ ერთი კვირის განმავლობაში, სათაურის გარდა სხვა არაფერზე მოგვისმენია არც არგუმენტი, არც საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მუხლთან, რეგულაციასთან მიმართებაში, თუ არსებობს რისკი, ან ფაქტორი, რომ რამე შეფერხება, ან საფრთხე შეიძლება ჰქონდეს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ან რომელიმე მედიას, ბუნებრივია, დისკუსია ამაზე უნდა იყოს წარმართული და ამ დისკუსიისთვის არის პარლამენტი, სადაც აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ბუნებრივია, წარმოდგენილი უნდა იყოს არგუმენტები, მსჯელობა უნდა იყოს კონკრეტულ მუხლებზე, კონკრეტულ რეგულაციებთან მიმართებაში და არა ზოგადად. მათ შორის, ჩვენი პარტნიორები, თუ ხედავენ რომელიმე პუნქტს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელმაც საფრთხე შეიძლება რომელიმე ტიპის დაფინანსებას შეუქმნას, მნიშვნელოვანია, ამაზე ვიმსჯელოთ და არამხოლოდ სათაურზე. [...] თვითონ კანონპროექტი ანგარიშგების გამოქვეყნებას ითვალისწინებს, შესაბამისად, ანგარიშგების გამოქვეყნება ვერ იქნება ამა თუ იმ საქმიანობის შემზღუდველი, ანგარიშგებას აქვეყნებენ კომერციული ორგანიზაციებიც“, - განაცხადა ხუციშვილმა.

დამატებით კითხვაზე, რამდენად კითხულობენ მხოლოდ სათაურებს ევროპარლამენტარები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში შეშფოთებას გამოთქვამენ, ხუციშვილმა უპასუხა, რომ „შინაარსზე უნდა იყოს მსჯელობა“:

„ყოველ შემთხვევაში, თქვენ მოისმინეთ კონკრეტულ რეგულაციასთან დაკავშირებით განცხადებაში რამე რომ ეწეროს? მე ვერ წავიკითხე. იმ განცხადებებში, რომელიც მოისმინეთ თქვენც და ჩვენც, რამე კონკრეტული რეგულაცია მითითებულია, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას? შესაძლებელია მომდევნო პერიოდში იყოს წარმოდგენილი და მსჯელობა იყოს, მათ შორის, მსჯელობა საქართველოს პარლამენტში გაიმართება, თუმცა, ჩემი მოწოდება იქნება ყველა ადამიანის მიმართ, ვინც აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ღელავს, უფრო შინაარსზე იყოს მსჯელობა, თუ რა არის მიუღებელი აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში და შესაბამისად, ამაზე წარიმართოს, ესა თუ ის რეგულაცია რამე ფორმით შეზღუდავს თუ არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, ან მედიის საქმიანობას“.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S