"პუტინმა "აგენტების" კანონის დაინიცირებისას თქვა, თითქოს მას უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა, დღეს ცხადია, რა იყო რუსეთში ამ კანონის ამოცანა, იგივე ამოცანა აქვს რუსულ კანონს საქართველოში"
08/04/2024 11:48:13 პოლიტიკა
“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ოცნების” რუსულ კანონს გამჭვირვალობასთან საერთო არ აქვს”.
"ისტორიის არქივი ინახავს პუტინის არაერთ პრეს–კონფერენციას, სადაც მან ასეთი რუსული კანონი რომ დააინიცირა, თქვა, თითქოს რუსეთში იმ კანონს უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა. დღეს ცხადია, რა იყო რუსეთში ამ კანონის ამოცანა. იგივე ამოცანა აქვს რუსულ კანონს საქართველოში. ეს არის რუსული მითითება. ბიძინა ივანიშვილი მესამედ საჯაროდ დაბრუნდა პოლიტიკაში და ისმება კითხვა - რა მოიტანა მან ქართველი ხალხისთვის: სამუშაო ადგილები? არა; ახალგაზრდებისთვის პერსპექტივა? არა; სოციალური პროექტი? არა; ქვეყნის უკეთესი მომავალი? არა. ერთადერთი რამ მოიტანა - რუსმა ოლიგარქმა რუსული კანონი შემოაბრუნა. ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გამოუტანა ვერდიქტი რუსულ კანონს, ქართველი ხალხი ასევე გამოუტანს ვერდიქტს რუსულ ხელისუფლებას”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


