Accentnews.ge
"აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს: "ბიუროზე დარეგისტრირებაც კი ქვეყნის კონსტიტუციის ღალატია"

"აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს: "ბიუროზე დარეგისტრირებაც კი ქვეყნის კონსტიტუციის ღალატია"

08/04/2024 12:04:59 პოლიტიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების პროცესი ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის რეგისტრაციაში გატარება ბიუროს მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება და ღალატია.

"ამ კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია ტყუილები. წერია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება თურმე ევროკავშირის სამართალს და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ეს არის დეზინფორმაცია. მე ხელთ მაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ზუსტად ასეთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო მიღებული რუსეთში, რომელზეც მიიღო ვერდიქტი და თქვა, რომ ეს კანონი არის ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო და რუსული. ხელთ მაქვს ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც ზუსტად ასეთი კანონი გააუქმა. აქ წერია ტყუილი. ეს არ არის კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ბიურომაც კი რომ დაარეგისტრიროს ეს კანონი, ეს არის ამ ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული მომავლის ღალატი", – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მას სიტყვიერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი დაუპირისპირდა და ანა ნაცვლიშვილი ბიუროს სხდომაზე ტყუილისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

საპასუხოდ, ნაცვლიშვილმა სეფაშვილს ასე მიმართა: „ტყუილებს ავრცელებენ, ტყუილს საუბრობენ, დეზინფორმაციას რატომ ავრცელებთ?“.

პარალელურად, კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან.

ამასთან, ჟურნალისტების ნაწილის თქმით, აკრედიტაციის მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S