სახალხო დამცველი: მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა კანონპროექტმა არ შექმნას ბარიერი ჩვენ ევროპულ გზაზე
09/04/2024 07:51:45 პოლიტიკა
"როგორი კანონპროექტიც არ უნდა იყოს დაინიცირებული, მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა კანონპროექტმა ბარიერი არ შექმნას ჩვენ ევროპულ გზაზე, ჩვენ ევროპულ პერსპექტივაზე და ევროპულ მომავალზე", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი, მაგრამ ამის მიღწევის სხვა ბევრი გზა არსებობს, მათ შორის სხვა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა.
„როგორც ვიცი, ერთ-ერთმა პარტიამ დააინიცირა კიდეც ინიციატივა. ამიტომ ეს არის მთავარი ამოსავალი პრინციპი, როგორი კანონმდებლობაც არ უნდა იყოს, ის არ უნდა გახდეს ბარიერი. რა თქმა უნდა, ის, რომ ამ ქვეყანაში ყველა, ვინც პასუხისმგებელია საჯარო პოლიტიკაზე უნდა ახდენდეს თავისი შემოსავლის გამჭვირვალობას, ამას ყოველთვის ვემხრობოდი, როცა პარლამენტში ვიყავი“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


