დღეს თბილისში “თავისუფლების მარში” გაიმართება
09/04/2024 07:58:33 პოლიტიკა
დღეს 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე “თავისუფლების მარში” გაიმართება. მარშის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და "აგენტების" შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ დაინიციირებას.
“შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, –ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


