ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: პატივს მივაგებთ იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებიც წინ აღუდგნენ საბჭოთა ტერორს
09/04/2024 08:30:19 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი 9 აპრილის ტრაგედიის 35–ე წლისთავს ეხმიანება.
„საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს პატივს მივაგებთ მათ გამბედაობასა და თავგანწირვას, ვინც საბჭოთა ტერორს წინ აღუდგა 1989 წელს და აღადგინა დამოუკიდებლობა 1991 წელს. დღეს ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან დილიდან იკრიბებიან პოლიტიკოსები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. მათ დაღუპულთა მემორიალთან ყვავილები მიაქვთ და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები და მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით პირი დაშავდა.
35 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.


