ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
09/04/2024 09:00:42 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. ადგილზე პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
„ეს არის დღე, რომელიც ერთდროულად ასოცირდება ერთი მხრივ, დიდ ტკივილთან, რომელიც იმ ადამიანების დაღუპვას თან სდევდა, რომლებიც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და მეორე მხრივ, 2 წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, სიმბოლიზმმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ამ თარიღს, დიდი სიხარული შესძინა. ამავდროულად, ეს არის გმირობის და ისეთი მაგალითის დღე, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. დამოუკიდებლობა, თავისუფლება ეს არის მთავარი ღირებულება, რისთვისაც ქართველები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ჩვენი გენეტიკური კოდი. ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას. ნებისმიერი რამის ფასად ის შეძლებს უზრუნველყოს, რომ იყოს თავისუფალიც, დამოუკიდებელიც და დღევანდელი დღის მაგალითიც ამაში მდგომარეობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გადაიხადა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან დილიდან იკრიბებიან პოლიტიკოსები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. მათ დაღუპულთა მემორიალთან ყვავილები მიაქვთ და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები და მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით პირი დაშავდა.
35 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.


