ოპოზიცია: თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უწყვეტი, 9 აპრილი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ არ გვაქვს უფლება, მოვდუნდეთ
09/04/2024 09:07:28 პოლიტიკა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან დილიდან იკრიბებიან პოლიტიკოსები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. მათ დაღუპულთა მემორიალთან ყვავილები მიაქვთ და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
„1989 წლის 9 აპრილს ჩვენ ვნახეთ თავისუფლებისთვის ჩვენი თანამემამულეების თავგანწირვა, მაგრამ 1991 წელს ამ თავგანწირვამ მოიტანა ის შედეგი, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა შევძელით. თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უწყვეტი, ჩვენ კვლავ გამოწვევების და თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ. ამიტომ, ცხადია, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, სანამ საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს წნეხისგან, რომელსაც ყოველთვის განვიცდიდით ამ წლების განმავლობაში ჩრდილოეთ მეზობლის, რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც მან აღნიშნა, "გვერევა მტერი და მოყვარე, ამიტომ ქართველებს ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც 9 აპრილს დაიწყეს, დასასრულებელი გვაქვს"
"35 წელი გავიდა ამ ტრაგიკული დღიდან. თითოეული ქართველისთვის უმძიმესი დღეა, მაგრამ იმედის მომცემი. განსაკუთრებით მაშინ არის იმედის მომცემი, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის, გამთლიანების იმედი გვაქვს. მაშინ, როდესაც გვერევა მტერი და მოყვარე ვინ არის, რა თქმა უნდა, ცოტა სევდიანი დღეა, მაგრამ 35 წელი გავიდა და ქართველებს ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს, დასასრულებელი გვაქვს. ახლა არის ყველაზე კარგი მომენტი ამისთვის, რომ დავასრულოთ მშვიდობით, წინსვლით, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობით, რამეთუ ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა შესაძლებელია ევროპის თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახის სრულფასოვანი წევრობით“, - განაცხადა გახარიამ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის თქმით, 9 აპრილი ყოველთვის უნდა გვაძლევდეს სტიმულს, რომ ბრძოლა არ შეწყდეს, სანამ საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ექმნება საფრთხე.
"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა, შეიძლება ისტორიისთვის არც ისე დიდი, მაგრამ 35 წელი, ყველას კარგად გვახსოვს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, თუ რა ძალიან დიდი თავგანწირვის, თავდადების, მსხვერპლის ფასად მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვება. დღეს ვიხსენებთ ამ ადამიანებს და ამავე დროს, ჩვენი ისტორიისთვის ამ ძალიან მძიმე, მაგრამ ძალიან საამაყო დღეს, როცა კონსოლიდაციამ აჩვენა, რომ არავითარი ძალა არ არსებობს, თუკი ხალხის გადაწყვეტილებაა, თუკი ერშია მუხტი, მის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი არის მუდმივი. ეს "9 აპრილი" ყოველთვის უნდა გვაძლევდეს სტიმულს, რომ ბრძოლა არ შეწყდეს, სანამ ეს საფრთხეები იქნება და სანამ საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ექნება მსგავსი საფრთხე, როგორიც თუნდაც დღეს აქვს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მათი, ვინც თავი გაწირა იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ბედნიერი მომავალი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
"35 წლის თავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა მტერ სახელმწიფოს არ ჩააბაროს", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით ერთობის ფასი.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე კარგად ესმით, ერთობის ფასი და იმის ფასი, რომ ფაქტობრივად ხალხისთვის შეუძლებელი არაფერია, მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგე ვინ შეიძლება იყოს მათთვის. შესაბამისად ჩვენ, 35 წლის თავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ რეალობაში ქვეყანა არ ჩააბაროს მტერ სახელმწიფოს.ამიტომ ერთობის ფასი ამ ქვეყანაში არაფერი, ერთ მუშტად შეკრულებს, ცხადია ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია!“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ":
"დღეს 9 აპრილია, 9 აპრილი არის გამარჯვების დღე რუსულ იმპერიაზე. ახლა ჩვენ გავიმარჯვებთ ივანიშვილზე, ყველანი ერთად. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, ერთიანობის იქით გზა არ არსებობს. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ. ფრანგიც, გერმანელიც, ამერიკელიც, ბრიტანელიც ამბობს, რომ ეს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი] არ არის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს უნდა ჰქონდეს. ყველგან მსგავსი ტიპის კანონი, თუ სადმე არსებობს, მიმართულია მტრების წინააღმდეგ და არა მეგობრების წინააღმდეგ. აქ უნდათ, რომ მიმართონ მეგობრების წინააღმდეგ, ისევე, როგორც ეს გააკეთა პუტინმა. ეს კანონი მიმართულია პარტნიორების წინააღმდეგ, სამოქალაქო სექტორის, დამოუკიდებელი აზრის ჩახშობის მიმართულებით და არა საქართველოს განვითარებისთვის. როცა ევროპარლამენტარები, ევროპელი ლიდერები, სახელმწიფო დეპარტამენტი, ყველა გეუბნება, რომ ამ კანონით საქართველოს ადგილი ვერ იქნება ევროკავშირში, ახლა სისულელეების გამეორება უარესია ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის“.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები და მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით პირი დაშავდა.
35 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.


