Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: "ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი"

სალომე ზურაბიშვილი: "ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი"

09/04/2024 11:39:30 პოლიტიკა

ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს.

„ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი. დღეს, ხვალ და ზეგ ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს. არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება. აქ მთავარია, ვიცოდეთ, რა გვინდა, გვინდა ის, რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს არჩევანია ან დამოუკიდებლობა, ან დამონება. ან ევროპა, ან რუსეთი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან დილიდან იკრიბებიან პოლიტიკოსები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. მათ დაღუპულთა მემორიალთან ყვავილები მიაქვთ და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები და მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით პირი დაშავდა.

35 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S