Accentnews.ge
პრეზიდენტი: 9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერავინ დაემუქრება, ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს

პრეზიდენტი: 9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერავინ დაემუქრება, ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს

09/04/2024 11:42:59 პოლიტიკა

9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ დაემუქრება - ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს! - ეს განცხადება რუსთაველის გამზირზე,9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულებს ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ 9 აპრილს დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე. ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას ვერაფერი დაემუქრება.

ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე საქართველოსთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ დაემუქრება, ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან დილიდან იკრიბებიან პოლიტიკოსები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. მათ დაღუპულთა მემორიალთან ყვავილები მიაქვთ და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები და მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით პირი დაშავდა.

35 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S