პეტრას აუსტრევიჩუსი – "თავისუფლების მარშზე": ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას, იყვნენ ევროპელები
09/04/2024 17:39:44 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი თბილისში გამართულ “თავისუფლების მარშს" ეხმიანება.
“ვულოცავ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას იყვნენ ევროპელები!” , - წერს აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში.
თბილისში "თავისუფლების მარში" სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" დღეს გაიმართა. დემონსტრანტებმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაბრუნება გააპროტესტეს.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


