კობახიძე: „ოპოზიცია ცდილობს, სპორტი პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს“
10/04/2024 15:17:09 პოლიტიკა
სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და გიგაურის „პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა“ არ დაუშვას.
„ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება.
სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს.
ქართულმა სპორტმა ბოლო წლებში უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. პირველად ისტორიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, პირველად ისტორიაში მორაგბეებმა 6 ერის გუნდებს მოუგეს, პირველად ისტორიაში კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა, პირველად ისტორიაში წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი, პირველად ისტორიაში ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია. თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა.
კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ.
სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც საქართველოს იდენტობა უკავშირდება. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც.
ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას“, - წერს პრემიერი Facebook-ზე.
პოლიტიკური განხილვა ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის „ინსტაგრამის“ წაშლამ გამოიწვია, მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა 9 აპრილს პროევროპული მარშიდან დისშვილის ფოტო გამოაქვეყნა. ამის შემდეგ ფეხბურთელის ვერიფიცირებული „ინსტაგრამ-გვერდი", 20 000 გამომწერით, ხელმისაწვდომი აღარ არის (10 აპრილი, 19:00).
ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგეებმა ქოჩორაშვილის „ინსტაგრამ-სთორი“ მხარდაჭერად აღიქვეს. ეს ვარაუდი განამტკიცა ფეხბურთელის მამის „ფეისბუკ“-აქტივობამაც.
შვილის „ინსტაგრამის“ ანგარიშის გაქრობის შემდეგ, როინ ქოჩორაშვილმა „ფეისბუკზე“ იდენტური ფოტო გამოაქვეყნა და ასევე დაწერა, რომ „საქართველოს გზა ევროპაშია“.
მესამე „ფეისბუკ“-პოსტში ფეხბურთელის მამამ ჟურნალისტებს უპასუხოდ დატოვებული კითხვების გამო ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ მისი პოზიცია უცვლელი და დაფიქსირებულია. „ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს“, - დაწერა როინ ქოჩორაშვილმა.
„აგენტების კანონის“ პარლამენტში მეორედ ინიციირების პარალელურად სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბები ევროკავშირის მხარდამჭერს განცხადებებს ავრცელებენ. ამ კლუბებს შორისაა: თბილისის „ლოკომოტივი“ და „ზესტაფონი". ქვეყნის ევროპულ კურსს მხარდაჭერა გამოუცხადა და „ინსტაგრამზე“ საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფოტო გამოაქვეყნა ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.


