ნაზი ჯანეზაშვილი – "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე: ეს გამიზნულია იმისთვის, რომ საქართველოში კრიტიკული ხმა აღარ არსებობდეს
11/04/2024 08:42:41 პოლიტიკა
„სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, "აგენტების" შესახებ კანონის მიღების მიზანი საქართველოში კრიტიკული ხმის ჩახშობაა.
მისი თქმით, ეს კანონი გამიზნულია იმისთვის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება განადგურდეს და კრიტიკული ხმა აღარ არსებობდეს.
„ეს კანონი მთლიანად არის რუსული, ყველა მუხლი, რომელიც მასში არის მოცემული არის რუსული. ყველა მუხლი არის რუსული, ვინაიდან ის არის სწორედ იმისთვის გამიზნული, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება დაანგრიოს, კრიტიკული აზრი ჩაახშოს. ის ონლაინ მედიასაშუალებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და რომელთაც უცხოური გრანტები აქვთ, სურთ გააქრონ“, - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


