მდინარაძე: კანონში "მინიშნება" შეიცვლება "ინფორმაციით"
11/04/2024 10:19:15 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროექტში ჩაასწორებენ მე-8 მუხლის ერთ-ერთ ნაწილს, სადაც საუბარია მონიტორინგის დაწყების საფუძველზე.
კერძოდ, როგორც მან სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, "მინიშნების" ნაცვლად ჩაიწერება "ინფორმაცია".
"ამ ბავშვებმა, ამ ახალგაზრდებმა ორი ისეთი საკითხი დააყენეს, რომლის არ გაზიარება არ შეიძლება. ერთი შეეხება ცვლილებას, რა ცვლილება უნდა შევიდეს, რომელიც უალტერნატივო იყო და დავეთანხმე და ამ ცვლილებას შევიტანთ, იქ ჩანაწერს მერვე პუნქტში სადაც იყო სიტყვა "მინიშნება", რომელიც შეიცვლება სიტყვა "ინფორმაციით", რომ აქ ვინმემ სპეკულაცია არ მოახერხოს და მათ ჰქონდათ ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები და ამასთან დაკავშირებით გავეცი პასუხი, რომ ეს სწორია, სწორი შენიშვნაა და შეიცვლება და ასევე დაფინანსებებთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდული მიმართულებით შიდა დაფინანსებები შიდა გრანტები კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს". - თქვა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას". - წერია რუსული კანონის მე-8 მუხლში მონიტორინგის შესახებ.
11 აპრილს მამუკა მდინარაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ "აგენტების" შესახებ კანონზე ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ სტუდენტების ნაწილმა კომენტარზე უარი თქვა, ხოლო ვინც გადაწყვიტა მედიასთან საუბარი, როგორც მათი პოზიციონირებიდან ირკვევა, არ ეწინააღმდეგებიან ამ კანონპროექტს.


