თორნტონი – "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე: "ოცნების" დეზინფორმაციაა, თითქოს ეს აშშ-ის კანონებს ჰგავს"
11/04/2024 15:49:37 პოლიტიკა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების ფაქტს ეხმიანება.
"ყველამ, ვინც საქართველოში "უცხოური აგენტების კანონს" იცავს, უნდა გაიგოს "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს ეს აშშ-ის კანონებს ჰგავს. ეს ასე არ არის", - წერს თორნტონი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


