ილია დარჩიაშვილი: "გამჭვირვალობის კანონის დაკავშირება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნასთან, სწორი მიდგომა არ არის, ეს განხილვის საგანი არ უნდა იყოს"
11/04/2024 15:51:16 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, "აგენტების" შესახებ კანონპროექტის დაკავშირება საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნასთან სწორი მიდგომა არაა. ამის შესახებ მან საქართველოში ევროკავშირის ელჩის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„არ მომისმენია ევროკავშირის ელჩის განცხადება, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ კანონის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირება სწორი მიდგომა არ არის. ევროკავშირში ჩვენი შემდგომი ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგთან, რომლებზეც შევთანხმდით და გვაქვს რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ ამ პროცესს მივყვებით, პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ვალდებულებას, რომელიც ავიღეთ და ამას შევასრულებთ, რაც აუცილებლად მთავარი პირობა უნდა იყოს იყოს, რომ საქართველო გადავა შემდეგ ფაზაში. ესაა მოლაპარაკებების გახსნა. ამ კანონის რაიმე ტიპით დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არასწორი მიდგომაა და მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი. კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ მთავარი არის გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა არის მთავარი ქვაკუთხედი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა. ყველა ვალდებულია, იყოს ანგარიშვალდებული ქართველ ხალხთან. ამ კანონმა არ უნდა შეუშალოს ხელი და ვერ შეუშლის ხელს ევროინტეგრაციას. ეს პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული რეკომენდაციებთან, რომლებიც მოგვცა ევროკომისიამ და ეს ევროსაბჭომ დაადასტურა. შესაბამისად, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ დღის წესრიგზე, რომელიც შევათანხმეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. გამჭვირვალობის კანონი კი ჩვენს ქვეყანაში მეტ გამჭვირვალობას და ევროპულ სტანდარტებს ემსახურება“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია. მისივე თქმით, „განსაკუთრებით ამჟამინდელ კონტექსტში, ევროკომისიისთვის ძალიან რთული იქნება, გააკეთოს დადებითი შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში“.
ჰერჩინსკის თქმით, იმედი აქვს, მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


