პაატა ბურჭულაძე: ახალი გაერთიანება სახელწოდებით "წინ ევროპისკენ, ერთად ევროპისკენ!" ყალიბდება
11/04/2024 18:02:19 პოლიტიკა
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ახალი გაერთიანება სახელწოდებით "წინ ევროპისკენ, ერთად ევროპისკენ!" ყალიბდება. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ჩემთანაც იყვნენ წარმომადგენლები. ახალ გაერთიანებაში შევლენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ცნობადი სახეები, ახალგაზრდები და არასამთავრობოებიდანაც შეიძლება, ვინმე შემოვიდეს. მე მისი მხარდამჭერად ვიქნები. ჩემი აზრით, ძლიერი გაერთიანება იქნება", - ამბობს ბურჭულაძე.
მანამდე მან აღნიშნა, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნება "დავალებაა".
"ეს არის დავალება, რაც უნდა შესრულდეს", აცხადებს იგი და თვლის, რომ ეს დავალება რუსეთისგან მოდის.
ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" ამ კანონპროექტით ვაჭრობდეს დასავლეთთან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხით.
როგორც მან განაცხადა, თუ კანონს მიიღებენ, "ძალიან გამწვავდება პროცესები".
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.
8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქციაა დაანონსებული
ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?


