Accentnews.ge
კრამონი: ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იარსებებს, სრულად შეჩერდება

კრამონი: ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იარსებებს, სრულად შეჩერდება

11/04/2024 18:51:31 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "აგენტების" შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, "საქართველოში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იარსებებს, სრულად შეჩერდება".

მისი თქმით, "შეუძლებელი იქნება დადებითი შეფასების მიცემა".

მანამდე, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია. მისივე თქმით, „განსაკუთრებით ამჟამინდელ კონტექსტში, ევროკომისიისთვის ძალიან რთული იქნება, გააკეთოს დადებითი შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში“.

ჰერჩინსკის თქმით, იმედი აქვს, მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S